
ანჩისხატის ტაძარი სვეტიცხოველი
ზოგადი ცნობები ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმების შესახებ გვხვდება ჯერ კიდევ III-IV საუკუნის თხზულებებში, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობა. ამ პერიოდის ძეგლია „მოციქულთა ხელდასხმანი", სადაც ვკითხულობთ: „იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა, წაგრძელებული ფორმის, აღმოსავლეთით მიმართული, ორივე მხარეს აღმოსავლეთით ჰქონდეს მინაშენი". როგორც უკვე ითქვა, ტაძარი აღიქმებოდა ხომალდად, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ტაძრის ამგვარი აღქმა მომდინარეობს ნოეს კიდობნიდან, რომელიც ღვთის კურთხევით შეიქმნა და მასში მყოფნი წარღვნას გადაარჩინა. III საუკუნის მღვდელმთავარი კვიპრიანე კართაგენელი წერს: „ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ მჯდარა" („ეკლესიის ერთიანობის შესახებ"). ქრისტიანული ტაძრის მეორე აუცილებელი პირობა, ზემოთ მოყვანილი ციტატის მიხედვით, არის აღმოსავლეთით მიმართება. ეს ნიშნავს, რომ საკურთხეველი, რომელიც ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმიდა ადგილია, მდებარეობს აღმოსავლეთით. როგორც III საუკუნის წმ. მამა გერმანე კონსტანინოპოლელი განმარტავს, ლოცვის დროს აღმოსავლეთით დგომა ან აღმოსავლეთით თაყვანისცემა დაკავშირებულია უფალთან, რადგან იგია „მზე იგი სიმართლისა" და მასაც „აღმოსავალ ეწოდა, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი მისნი".
როგორც ითქვა, წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმა აღმოსავლეთის აფსიდით განასახიერებს ხომალდს და თუმცა საუკუნეების განმავლობაში ტაძარი სხვადასხვა ფორმისა შენდებოდა, მაგრამ სულიერი მნიშვნელობა ხსნის კიდობნისა ყოველ მათგანშია შენარჩუნებული.
ქრისტიანული ტაძრის ასევე გავრცელებული ტიპია ჯვრის ტიპი. თვითონ ფორმა ჯვრისა კოსმოსს, მატერიალურ სამყაროს ნიშნავს, რადგან ყველაფრის აგებულებაში არის ჯვარი. გოლგოთის მერე ჯვარი ღვთიური სიყვარულის სიმბოლო გახდა. ორი გადამკვეთი ხაზი არის ჭეშმარიტება და სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება. ვერტიკალური ხაზი განასახიერებს ქვეყნის შეერთებას ზეცასთან, ღმერთის შერიგებას ადამიანთან, გახსნილ ედემს. ქვევით მიმართული ხაზი აღნიშნავს ღვთის გამარჯვებას ბოროტ ძალებზე. ჰორიზონტალური ხაზი კოსმოსის სიმბოლოა. მას ადარებენ ორ ხელს, რომლითაც უფალი თითქოს ხელს ხვევს, მოიცავს მთელს კაცობრიობას. ამავე დროს, ჯვრის ვერტიკალური ხაზი აღნიშნავს ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, ჰორიზონტალური კი - ურთიერთობას მოყვასთან.
არებობს წრიული ფორმის ტაძრებიც. წრე მარადისობას ნიშნავს, მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ეკლესიაც ხომ მარადისობისკენაა მიმართული და მარადისობის გამჟღავნებაა დედამიწაზე. წრე ერთგულებასაც ნიშნავს, იგულისხმება საიდუმლო დაწინდვა ეკლესიისა ქრისტესთან. ტაძარი-რვაკუთხედი ბეთლემის ვარსკვლავს მოგვაგონებს და აქედან გამომდინარე, ეკლესია გვესახება გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად მომავალი ცხოვრებისაკენ. ის ასევე აღნიშნავს მერვე დღეს. ქვეყნიერების ცხოვრება აღირიცხება შვიდი დღით, მერვე კი მარადისობაა ღვთის სასუფეველში, ესაა ცხოვრება მერმისა მის საუკუნისა.
„იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა"
არსებობს შერეული ტიპის ტაძრებიც.
ტაძრები ხშირად მთავრდება გუმბათით, რაც ცას გამოსახავს. გუმბათის თავზე ჯვარია, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს, სადიდებლად: „თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ ექმენ ეკლესიასა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა ყოვლადწმიდითა" (ჯვრის პარაკლისი). ორი გუმბათი (მაგ. გურჯაანის ყოვლადწმდა) აღნიშნავს მაცხოვრის ორ ბუნებას, სამი - სამების სამ იპიოსტასს, ხუთი - იესო ქრისტესა და ოთხ მახარებელს, შვიდი შვიდ საეკლესიო საიდუმლოს და შვიდ მსოფლიო კრებას.
ეკლესიის ეზოში ან შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც ადრეულ საუკუნეებში არ არსებობდა და მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.
უნდა აღვნიშნოთ ტაძრის გალავანი და კარიბჭეც, მით უმეტეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ადრეული ტაძრის აღწერა სწორედ აქედან იწყება. ევსევი კესარიელი (IV ს.) ტვიროსის ტაძრის გალავნის კედელს „ყველაზე საიმედო დამცველს" უწოდებს, „დიდ და ზეაღმართულ" კარიბჭეზე კი ამბობს, რომ იგი შორს მდგომთათაც უქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, რაც შიგნითაა. ეზო „წმიდა მიდამოდ" მას რამდენჯერმე აქვს მოხსენებული.
და კვლავ ტაძრის მთავარი დანიშნულება გავიხსენოთ. წმ. სვიმონ თესალონიკელი ამბობს, რომ მართალია ტაძარი ხელშესახები მასალით აიგება, „მაგრამ ზეციური ძღვენითაა მორთული, მღვდელმთავრის საიდუმლო ლოცვით ნაკურთხი, ღვთიური მირონით ცხებული და მთლიანად უმაღლესი არსებისადმი მიძღვნილი საბრძანებლად". 
„იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა"
|