SAMEBA.UCOZ.COM

რა გსურს ?

სწრაფი რეგისტრაცია

რეკლამა საიტზე

online



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:09 PM
თქვენი IP: 216.73.216.89
თარიღი: 2025-06-25
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 12 » შვიდგზის ლოცვები
1:31 PM
შვიდგზის ლოცვები

"ჩემი პატრიარქობის პერიოდში ყველაზე დიდ საქმედ შვიდგზის ლოცვის აღდგენა მიმაჩნია: მთელმა ერმა ყოველდღიურად უნდა წაიკითხოს ეს ლოცვები და ამასთან, ლოცვის შემდეგ დღეში 7-ჯერ თქვას: უფალო, დიდება შენდა, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო.”


”ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მამა-პაპათა ამ წესს და დღე-ღამის განმავლობაში… მითითებულ საათებში დღეში შვიდჯერ უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს ერს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიყვარული, სიხარული, სიბრძნე, ჯანმრთელობა, ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მადლი; მოგვცეს გრძნობა სინანულისა, თავმდაბლობისა, ცოდვათა მიტევებისა და მოწყალებისა, რაც ყოვლად აუცილებელია მორწმუნე ქრისტიანისათვის.”

”როცა მოაწევს საათი ლოცვისა, სახლში ხარ თუ გზაში, შეჩერდი და დაიწყე ლოცვა… აღნიშნული წესის მიხედვით და ღმერთი მარად იქნება შენი მფარველი”.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1989 წლის შობის დღესასწაულიდან მოყოლებული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეში 7-ჯერ ყოველი მორწმუნე უნდა კითხულობდეს შვიდგზის ლოცვებს, რასაც "ყოველდღიური ლოცვები ჩვენი ბედნიერებისათვის” ეწოდება და სრულდება 6, 9, 12, 15, 18, 21 და ღამის 12 საათზე. შვიდგზის ლოცვების მნიშვნელობაზე "ამბიონს” წმიდა სამების სახელობის ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე ესაუბრა:

რატომ ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები დღე-ღამის განმავლობაში მაინცდამაინც შვიდჯერ?

როგორც პატრიარქი ბრძანებს ხშირად ამასთან დაკავშირებით, ჩვენი წინაპრები შვიდჯერ ლოცულობდნენ დღე-ღამის განმავლობაში, რადგან თავად დავითი ამბობს ფსალმუნში: შვიდგზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალოო. ანუ წინასწარმეტყველი შვიდჯერ ადიდებდა და უგალობდა მაცხოვარს დღეში. პავლე მოციქული მოგვიწოდებს: მოუკლებლივ ილოცევდითო. საკვების მსგავსად, ყველაზე კარგია ხშირი და თუნდაც მცირედი ლოცვა. ეს მეტად ეხმარება ადამიანის სულს იმაში, რომ ღვთისგან მადლი მიიღოს, მუდამ ახსოვდეს უფალი და განუწყვეტლად ევედროს მას, სთხოვოს ამა თუ იმ სურვილის შესრულება.

ლოცვებს შორის გამოირჩევა ფსალმუნი, რადგან ის ყველაზე კარგად აქებს, ადიდებს და ჰმადლობს უფალს. სათხოვარი მოკრძალებულია, საუბარი კი ზოგადსაკაცობრიო თემაზეა. ფსალმუნთა წიგნში ძველი და ახალი აღთქმაა გაცხადებული და ამიტომ სასურველია, როგორც პატრიარქმა და სინოდმა დაადგინა, მთელმა ერმა შვიდგზის ლოცვები იმ დროს იკითხოს, როგორც მითითებულია საათობრივად. შვიდგზის ლოცვები "მამაო ჩვენო”-თი იწყება, შემდეგ მოდის ფსალმუნი და ბოლოს ამა თუ იმ ტროპარით მთავრდება.

საიდან იღებს სათავეს მამა-პაპათა ეს ტრადიცია?

თვით ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ ქრისტეს მოსვლამდე ებრაელებიც კი შვიდჯერ ლოცულობდნენ. ანუ ეს ტრადიცია ძველი აღთქმიდან, ადრექრისტიანული ხანიდან მოდის. უფალი ყოველთვის არსებობდა და ბუნებრივია, მისივე სიტყვით არის დაწერილი ყოველივე, რაც ძველ აღთქმაშია მოცემული.

სამწუხაროა, რომ მუსულმანებსაც აქვთ საათობრივი ლოცვები. ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს: ზოგჯერ მშურს მუსულმანების, მათ მიერ ამა თუ იმ წარმართული რიტუალის ასე თავგამოდებით შესრულების. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმართები არიან და ჭეშმარიტ ღმერთს ვერ ცნობენ, როგორი რუდუნებით, შრომით ეკიდებიან თავის ტრადიციას, ყველა საქმეს წყვეტენ, ჩერდებიან და წუთობრივი სიზუსტით ლოცულობენ. აქედან გამომდინარე, საშინელებაა, როცა ქრისტიანი ივიწყებს ამას და წარმართი – არა. ის რუდუნება, რაც მათ აქვთ, ჩვენ რომ გაგვაჩნდეს და ისინი კი ჩვენსავით ჭეშმარიტ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, ამაზე კარგი არაფერი იქნებოდაო.

როგორც ვხედავთ, ორ უკიდურესობას ვაწყდებით. მათგან კარგი მაგალითი უნდა ავიღოთ და გამოვასწოროთ ჩვენი ნაკლოვანება. არ უნდა გვაჯობოს წარმართმა ამა თუ იმ წესის შესრულებაში. მითუმეტეს, ეს ტრადიცია ქრისტიანობიდან მოდის და წარმართებმა ჩვენგან ისწავლეს. ალბათ, მამა-პაპათა ამ წესის დაკარგვის მიზეზი ის არის, რომ ქართველებმა დევნა გამოვიარეთ. სამოცდაათწლიანმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ეს ტრადიცია მოსპო, არა თუ შვიდგზის ლოცვები, წირვა-ლოცვაც კი აკრძალა. ამიტომ მას შემდეგ, რაც ეკლესია გაძლიერდა, პატრიარქმაც აღადგინა დავიწყებული ჩვეულება.

ძველად რა ფორმით იყო შვიდგზის ლოცვები წარმოდგენილი? თუ განსხვავდებოდა დღევანდელისაგან შემადგენლობით?

ალბათ, დროთა განმავლობაში ფორმა იცვლებოდა. პატრიარქის მიერ ამგვარად დროის შვიდად განაწილება საუკეთესო ფორმა გახლდათ. ადამიანისთვის ნაკლებად ძნელი რომ ყოფილიყო გაღვიძება, პირველი ლოცვა დილის 6 საათზე დადგინდა. მეშვიდე ლოცვა კი ღამის 12 საათზე იკითხება. უფრო ადრე ან გვიან ლოცვის დაწესება უხერხულობას გამოიწვევდა. ასე რომ, წმიდა სინოდმა სრულიად მართებულად გადაწყვიტა ლოცვის ამგვარი საათობრივი განაწილება.

რის მიხედვით არის შედგენილი თითოეულ საათზე წასაკითხი ფსალმუნი და ტროპარი?

თითოეულ საათზე წასაკითხი ფსალმუნი და ტროპარი შინაარსობრივად გახლავთ პატრიარქის მიერ დადგენილი. თუნდაც 90-ე ფსალმუნში მოცემული საოცარი სიტყვები გავიხსენოთ: "არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი”. ადამიანს ბოროტი სული, ყოველგვარი ვნება განსაკუთრებით შუადღეს ებრძვის, უამრავ წინააღმდეგობას აწყდება. ეშმაკები სულიერ მახვილებს ადამიანებს დღისით მომეტებულად უშენენ, სწორედ ამიტომ ეს საოცარი ფსალმუნი შუადღეს დაადგინა უწმიდესმა წასაკითხად. თუნდაც ძილის წინ, 12 საათიანი ლოცვა მოვიყვანოთ მაგალითად. აქ საუბარია მიცვალებულებზეც, ერის კეთილდღეობაზეც და ა.შ.

რა უპირატესობა აქვს ამ ლოცვებს?

ნებისმიერ ადგილსა და მდგომარეობაში შეიძლება ამ ლოცვების წაკითხვა. ექიმს მშობიარობის პროცესშიც შეუძლია ლოცვის თქმა, თუ ზეპირად იცის. არ ვამბობ იმას, რომ მძღოლმა საჭეს ხელი გაუშვას და მგზავრები ხიფათში ჩააგდოს. ამ დროს კარგი იქნება, თუ გაერთიანდებიან და იქვე მყოფი ერთ-ერთი ქრისტიანი ხმამაღლა წარმოთქვამს ლოცვას.

დღეს ტექნიკა განვითარდა. ჩავრთოთ რადიო ან ტელევიზორი და მოვუსმინოთ შვიდგზის ლოცვებს ყოველ სამ საათში. თუ ჩვენი ლოცვა უხერხულობას გამოიწვევს და ვინმეს შევაწუხებთ, თუნდაც არაეკლესიურს, შეგვიძლია ჩუმად, გულში ვადიდოთ უფალი. პირჯვარი წარმოდგენაშიც რომ გადავისახოთ, ესეც საკმარისია. ვიღაც რომ ადგეს, შუა მეტროში ხელები აღაპყროს და ღაღადისი დაიწყოს, თვითმარქვიობასა და ფარისევლობას დასწამებენ და შეიძლება ვინმე განკითხვის ცოდვაშიც ჩააგდოს. უფალი ამბობს, როცა ლოცულობ, დახშე შენი საუნჯე და გულში ილოცეო. ანუ აქ მაინცდამაინც ოთახში ჩაკეტვაზე არ არის საუბარი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ხალხმრავლობაში ვიყოთ, თუ ლოცვა გვწყურია და გულწრფელად ვევედრებით უფალს, იქაც შევძლებთ განმარტოებას და ვილოცებთ გულში.

დღეს შვიდგზის ლოცვების პატარა წიგნებიც კი არის გამოცემული. გადაშლი და წაიკითხავ. თუმცა ეს მაჩვენებლობით არ უნდა გავაკეთოთ. ხშირად მეკითხებიან, ტრანსპორტში თუ შეიძლება პირჯვრის გამოსახვა. თუ ეს ამპარტავნებაში ჩაგვაგდებს, ან ასე ვინმეს დასანახად მოვიქცევით, ამას უფალი არ შეიწირავს. იმ შემთხვევაში, როცა მიზანი მხოლოდ ის არის, რომ მაცხოვარმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს, მაშინ შეგვიძლია უფალს საიდუმლოდაც მივაგოთ პატივი და პირჯვარი წარმოდგენაში გამოვისახოთ.

თუმცა სასირცხვილო აქ არაფერია. ქრისტე ამბობს, ვისაც ჩემი შერცხვება, მეც შემცხვება მისი განკითხვის დღესო, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდეთ. ზოგჯერ ამას ვაი-ქრისტიანი სხვის დასანახად აკეთებს, აი, როგორ მწამს ღმერთი და რა კარგი ვარო. უფალი ბრძანებს: თუ ვინმემ შეგაქო რაიმე რელიგიური წესის აღსრულებისთვის, იცოდე, შენ მიიღე უკვე საზღაური, ჩემგან რაღას ელოდები?! და თუ ჩემგან გინდა საზღაურის მიღება, მაშინ დაფარულში ევედრე ღმერთს და მისგან ცხადად მიიღებო.

სუფრაზე იციან ხოლმე გამოცხადება, რომ მარხულობენ. ამით უხერხულობაში ვაყენებთ, პირველ რიგში, მათ, ვინც არ მარხულობს და მეორე რიგში, მარხვას წინა პლანზე წამოვწევთ და წარმოვაჩენთ, რომ ჩვენ სხვებზე ძლიერი მორწმუნეები ვართ. ამიტომ თუ ვმარხულობთ და ვლოცულობთ, ეს დაფარულში უნდა გავაკეთოთ და უფალიც უფრო მეტად მოგვაგებს ცხადად.

როგორ მოიქცეს მორწმუნე, რომელსაც გარკვეულ საათზე შვიდგზის ლოცვის წაკითხვა არ შეუძლია, ან შემთხვევით საათი გამოეპარება?
ამ შემთხვევაში, მას შეუძლია მომდევნო საათზე თქვას გამოტოვებულ საათებზე წარმოსათქმელი ლოცვები.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომელმაც აღმაფრთოვანა: როცა უწმიდესს ჰკითხეს, თუ რას თვლიდა ყველაზე ღირსეულად, რასაც პატრიარქობის პერიოდში მიაღწია, საამაყოდ რა მიაჩნდა, ყველა ელოდებოდა, რომ უნეტარესი ეკლესიების გაძლიერებას, ან ეპარქიების გამრავლებას, ტაძრების აშენებას დაასახელებდა. პატრიარქმა კი ამ ყველაფერს თავი აარიდა და კითხვაზე საოცრად მოკრძალებული პასუხი გასცა: ჩემი მთავარი მიღწევა, ის, რაც მეამაყება, ერში შვიდგზის ლოცვების დანერგვაა, რადგან ამ დროს ერთიანდება მთელი ერი და ერთად ვლოცულობთ უფლის წინაშეო. მაცხოვარი ამბობს: სადაც ორი ან სამი ადამიანი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათთან ვიქნებიო. შვიდგზის ლოცვების წყალობით კი ერი მთლიანდება და ქართველები ერთად ვევედრებით უფალს ივერიის გაბრწყინებას.

რა არის შვიდგზის ლოცვების მიზანი?

მიზანი საათობრივი ლოცვისა სწორედ ისაა, რომ ერთსა და იმავე დროს საერთო ლოცვით ყველამ ერთად ვადიდოთ უფალი და ჩვენს გაერთიანებულ ლოცვას მაცხოვარიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეისმენს. ”ეკლეოს” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ხალხის დაძახებას, მოხმობას, ანუ უფალი გვიხმობს. ეკლესია სწორედ ღვთის მიერ მოხმობილი ადამიანების ერთობაა. ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს: მოიპოვე, ადამიანო, მცირეოდენი მადლი და შენს გვერდით ცხონდებიან ათასეულებიო. ასე რომ, ყველამ მოვიპოვოთ ის მადლი, რასაც ჰქვია პატრიარქის მიერ მოცემული კურთხევა შვიდგზის ლოცვების კითხვისა და ჩვენს გვერდითაც ცხონდებიან ათასეულები.

თათია ნავროზაშვილი


კატეგორია: ლოცვანი | ნანახია: 1612 | დაამატა: nika9492 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

PATRIARQIS QADAGEB

Sameba.ucoz.com

განათავსე რეკლამა